მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი 17 სკოლაში არ განახლდა

დღეს დილიდან აჭარაში თოვს. ზღვაში 4-ბალიანი შტორმია, ხოლო მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარი 50-100 სანტიმეტრს აღწევს. უამინდობის გამო მაღალმთიანი აჭარის 17 სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა.
დიდთოვლობამ შუახევის მუნიციპალიტეტში მცირედი პრობლემები შექმნა. როგორც მუნიციპალიტეტში ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას განმარტეს, დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი 43 სკოლიდან მხოლოდ 7 სკოლაში არ მიმდინარეობს. 13 საბავშვო ბაღიდან კი 3-ში სასწავლო პროცესი არ განახლებულა. რაც შეეხება გზებს, თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს აჭარის გზების დეპარტამენტი ახორციელებს. დიდთოვლობამ შუახევში უჩამბა-წაბლანის გზაზე მეწყრული პროცესიც განავითარა, თუმცა ამ ეტაპზე ტერიტორიაზე გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ინტენსიურად თოვს ქედაშიც. თოვლის საფარი დაბლობში 10 სმ-ია, საშუალოდ 50 სმ, ხოლო მაღლობში 80 სმ-მდე აღწევს. აუამინდობის გამო ქედის 10 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს  – ვაიოს, წონიარისის, მერისისა და ოქტომბრის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი არ შედგა აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო.
ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება მთლიან მუნიციპალიტეტს, ავტომობილებით მოძრაობა ყველა მიმართულებით შესაძლებელია. დაბის ქუჩების გაწმენდას თოვლის საფარისგან ქედის კომუნალურსერვისის 2 მძიმე ტექნიკა ახორციელებს, სოფლების მიმართულებით კი სამუშაოებს დილიდან საგზაო დეპარტამენტი  ახორციელებს.

ხულოში, დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 50 სმ-ს აღწევს, ხოლო ზედა ზონებში 80 სმ-ია. მუნიციპალიტეტში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 14 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობას პრობლემები არ შეუქმნია. აქ სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო არ შეზღუდულა გადაადგილებაც.

აჭარის დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები