„ჯორჯიან მანგანეზის“ ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019-ის“ ფინალი 26 იანვარს გაიმართება

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019-ის“ ფინალი 26 იანვარს გაიმართება. პროექტის საბოლოო, მესამე ეტაპი ზესტაფონში შედგება.
ფინალურ შეხვედრაზე, გუნდების მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, სადაც კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული ჟიური 7 პროექტიდან 3 საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს. „ეკოლოგიკა 2019“-ის მიზანი საკუთარი სკოლის ბაზაზე არსებული ეზოს გამწვანება და განახლებული პროექტის წარდგენა-განხორციელებაა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაფინანსებული საპრიზო ფონდი 12 000 ლარს შეადგენს, რომელიც ასე გადანაწილდება:
I ადგილი – 5000 ლარი;
II ადგილი – 4000 ლარი;
III ადგილი – 3000 ლარი;

პროექტის მესამე დასკვით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური ჟიური: ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერები გივი მოდებაძე და გიორგი გოგლიჩიძე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და ჭიათურის საპატიო მოქალაქე გიორგი დვალაშვილი, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.

პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ გასული წლის 25 სექტემბერს „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით საზეიმოდ გაიხსნა და ორი თვის განმავლობაში გაგრძელა. გახსნის ღონისძიება ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების 70-მდე საჯარო სკოლის მე-9-დან 11 კლასის ჩათვლით კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პირველ ეტაპზე, ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო თამაში – „რა, სად, როდის“ საბუნებისმეტყველო საგნების თემაზე შექმნილი კითხვების მიხედვით ჩატარდა. თამაში 2-ნაწილიანი იყო, პირველ ეტაპზე – 15, ხოლო მეორე ეტაპზე – 7 გამარჯვებული გუნდი – 5 ჭიათურის და 2 ზესტაფონის გამოვლინდა.

მეორე ეტაპზე, პირველ ეტაპში გამოვლენილმა 7-მა გამარჯვებულმა გუნდმა, პროექტის მომზადების მიზნით, 3-დღიანი სპეციალიზებული ტრენინგი გაიარა, რაც საქართველოს ბიბლიოთეკების გაერთიანებული ასოციაციის წამყვანმა კვალიფიცირებულმა ტრენერ-სპეციალისტმა რუსუდან ასათიანმა უზრუნველყო. „ეკოლოგიკის“ ფარგლებში მოზარდებმა პროექტი სკოლის ეზოს გამწვანების თაობაზე მოამზადეს.

„ეკოლოგიკა 2019-ის“ მხარდამჭერები ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ინტელექტუალური გუნდი „რა სად როდის“ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები