თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ობიექტი დაარსდება
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საქართველოს დედაქალაქში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ობიექტი დაარსდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრაზე, თინათინ ნიბლოშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და კომისიის ინიციატივა დეტალურად გააცნო.
“27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე გვსურს, რომ თბილისიც ამ ქვეყნებს შეუერთდეს და ჩვენს დედაქალაქში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გეოგრაფიული ობიექტი დაარსდეს“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე თქმით, ობიექტის დაარსების საკითხში კომისია ისრაელის საელჩოსთან საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში მოქმედ ებრაულ ორგანიზაციებთან აქტიურად ითანამშრომლებს.
ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რან გიდორმა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს აღნიშნული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და გეოგრაფიული ობიექტის დაარსებასთან დაკავშირებულ საკითხებში თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ძალებმა აუშვიც–ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლეს და ევროპაში უდიდესი ნაცისტური სასაკლაო აღმოაჩინეს. აუშვიცი ადამიანის მიერ ჩადენილი უდიდესი სისასტიკისა და ჰოლოკოსტის სიმბოლოდ იქცა.
2005 წლის ნოემბერში გაეროს მიერ შემუშავებული რეზოლუციის თანახმად 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.