რატი იონათამიშვილი: კონგრესმენების წერილები გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში, “ჯო ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის” დირექტორის მაიკლ კარპენტერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ 4 კონგრესმენის წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს.
იონათამიშვილის თქმით, საერთაშორისო ვიზიტების დროს პარტნიორებს, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებათ.
“ცხადია, რომ აქ არის გარკვეული კრიტიკა და ვფიქრობ, შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს. მიმაჩნია, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი ვიზიტების შემდეგ, რაც უახლოეს პერიოდში განხორციელდება და მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია, შეფასებები ობიექტური იქნება,” – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, მაიკლ კარპენტერმა “ტვიტერზე” განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა კონგრესმენების წერილს სერიოზულად უნდა მიუდგეს. აშშ-ის კონგრესის ოთხმა წევრმა ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკაულიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. წერილში კონგრესმენები დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.