სანდრა კალნიეტე: ფაქტი, რომ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს

ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის “ევროპის სახალხო პარტიის” დეპუტატმა, სანდრა კალნიეტემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს.

„მე შიდა სიტუაციაზე, საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე ვისაუბრებ. თქვენ ახსენეთ, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი ოპოზიციის მიერაა წაქეზებული. პოპულარულ მოძრაობებთან დაკავშირებით ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს და მე ვიცი, რომ ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს ათობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოყვანას. ამისთვის უფრო სერიოზული მიზეზები არსებობს. თქვენ ახლახანს გაუსვით ხაზი იმ ფაქტს, რომ ევროპული ინტეგრაციისადმი ქართველების მხარდაჭერა იზრდება, თუმცა იმავე გამოკითხვაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ქართველი ხალხი თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატიამ უკუსვლა განიცადა და რომ ეს ძალიან შემაშფოთებელია, იმიტომ, რომ ევროკომისია და ასევე ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერს და ხელს უწყობს საქართველოს. თუმცა, თუკი უკრაინას შევადარებთ, რომელსაც თავის ტერიტორიაზე ომი აქვს, ის მუდმივად ცდილობს, გაატაროს დემოკრატიული რეფორმები და ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით პირობის შესრულება, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა, ეს საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ ვერ ლაპარაკობს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ბოლო განცხადება, რომ მომავალში ბევრი ოპოზიციური ლიდერი ციხეში წლებს გაატარებს, ძალიან რთული მისაღებია და ფაქტი, რომ ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას, მიმართ დაწყებული საქმე 5-წლიანი დუმილის შემდეგ განაახლეს, ძალიან სიმბოლურია”, – განაცხადა სანდრა კალნიეტემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები