გორის მერიამ წყალმომარაგების სისტემების მოწყობის მიზნით ტენდერები გამოაცხადა
გორის მერიამ ტინისხიდში, ნადარბაზევში, არაშენდაში, ბობნევში, ვარიანის მეურნეობასა და შინდისის ერთ უბანში წყალმომარაგების სისტემების მოწყობის მიზნით ტენდერები გამოაცხადა.
სამუშაოების ჯამური სატენდერო ღირებულება 3 866 521 ლარია.
პროექტები, გარდა წყალმომარაგების სისტემების მოწყობისა, ინდივიდუალური წყლის მრიცხველების დამონტაჟებასაც ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა 1300 – მდე ოჯახს მოუგვარდება. ნადარბაზევში დღემდე ყველაზე დიდ პრობლემას სასმელი წყალი წარმოადგენს. ადგილობრივები მას 7 კილომეტრიდან ეზიდებიან.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი სასმელ წყალს შეუფერხებლად მიიღებს. ტინისხიდში მცხოვრებ 600 – მდე ოჯახს ინდივიდუალური ონკანი 40 წელზე მეტია არ ჰქონია. მათ შორის 170 – მდე ოჯახი 10 წელია საუბნო ონკანებით სარგებლობს, რომლების საშუალებითაც წყალი დღეგამოშვებით, ერთი საათით მიეწოდებათ. დღემდე ადგილობრივების ერთი ნაწილი ჭებით სარგებლობს, მეორე ნაწილი კი სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან და გორიდან ეზიდება. არაშენდაში სასმელი წყლის სისტემა საერთოდ არ არსებობს. 224 ოჯახს წყლის მიწოდების პრობლემა ათეული წელია აქვს. ვარიანის მეურნეობაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის 237 065 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების დასრულების შემდეგ დასახლებაში მცხოვრებ 120 ოჯახს წყლის მიწოდების პრობლემა აღარ ექნება.
ბობნევში, სადაც 70 – მდე ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივების ნახევარი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. 2020 წელს სასმელი წყალის პრობლემა შინდისის ერთ – ერთ უბანსაც მოუგვარდება. ე.წ. ნახალოვკის უბანში მცხოვრებ 120 – მდე ოჯახს, სოფლის სხვა დანარჩენი უბნებისგან განსხვავებით, წყალი შეფერხებით მიეწოდება.
მიმდინარე ტენდერების პირობებიდან გამომდინარე, ექვსივე სოფელში სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.