გორელოვკაში აქციის მონაწილებთან შესახვედრად ბესიკ ამირანაშვილი მივიდა
ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში აქციის მონაწილეებს სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ხვდებიან.
აქციის მონაწილეებს საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ორ საათზე მეტია რაც გადაკეტილი აქვთ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში სასმელი წყლის და საძოვრების პრობლემა აქვთ, რადგან სოფლის გარშემო მდებარე მიწების დიდი ნაწილი, რამდენიმე პირის მფლობელობაშია.
ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით,სოფელში არსებული პრობლემის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა. აქციის მონაწილეებს გუბერნატორმა შესთავაზა, რომ გამოყონ 10 კაცი და საუბარი ნინოწმინდის მერიაში გააგრძელონ.
“ბუნებრივი პირობები სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას არ მოგვცემს. პრობლემის მოგვარებას აპრილში დავიწყებთ. გთავაზობთ ცენტრალური მაგისტრალზე ყველა დაერთება ჩავჭრათ, ამის შედეგად ყველას მოგივათ წყალი”,- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა აქციის მონაწილეებთან საუბრისას.
გორელოვკელები მხარის რწმუნებულის შემოთავაზებას დასთანხმდნენ და მოსალაპარაკებლად მერიაში გადაინაცვლეს.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა ადგილობრივ თვითმმართველობასა და მხარის რწმუნებულთან შეხვედრა იყო.