ანდრია გვიდიანი: ეს არის ერთი კონკრეტული ლობისტი კონგრესმენის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს
ეს არის ერთი კონკრეტული ლობისტი კონგრესმენის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს, – ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი აშშ-ს კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის წერილს.
როგორც გვიდიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთი კონკრეტული კონგრესმენის განცხადება არ უნდა შეფასდეს როგორც ზოგადად კონგრესის, ან შტატების პოზიციად.
„ზოგადად, კონგრესმენის წერილის მთავარი ნარატივი ეხება კომპანია „ფრონტერას“.
კომპანიას ჰქონდა არაერთი ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ვერ შეასრულა. შესაბამისად, „ფრონტერას“ და საქართველოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟშია და ძალიან მალე დაიდება ობიექტური გადაწყვეტიელბა საერთაშორისო მსაჯულების მიერ. თუმცა, კონგრესმენმა ასეთი ტიპის განცხადება მაინც გააკეთა, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა დემორკატიული ღირებულებების ხელყოფასა და მათ შორის ბიზნესინტერესების დაზიანებაში. ამის უკან დგას ძალიან მარტივი რამ: აშშ-ში ლობისტური საქმიანობა ღია და გამჭვირვალეა, კონგრესმენი არის „ფრონტერას“ ოფიციალური ლობისტი, ის გასამრჯელოს იღებს კომპანიის მხრიდან. მე კონგრესმენის განცხადებას სწორედ ამ ლობისტურ საქმიანობას ვუკავშირებ, ეს ადამიანი ვალდებულია კომპანია „ფრონტერასთან“.
რაც შეეხება სხვა ფაქტებს, რომელიც აშშ- საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდება, მინდა, გითხრათ, რომ წლიდან წლამდე სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება. ეს გამოიხატება არაერთ ფაქტში. არ ვფიქრობ, რომ ერთი კონკრეტული კონგრესმენის განცხადება უნდა შევაფასოთ ზოგადად კონგრესის, ან შტატების პოზიციად. იმდენად, რამდენადაც ეს არის ერთი კონკრეტული ლობისტი კონგრესმენის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს, როცა ამის უკან ღიად დგას ლობისტური საქმიანობა“, – განაცხადა გვიდიანმა.
მისივე თქმით, კომპანია „ფრონტერას“ მიმართ არაერთი კითხვა არსებობს.
„რაც შეეხება კომპანია „ფრონტერას“: ის 90-იანი წლებიდან ოპერირებს საქართველოში, კომპანიას ჰქონდა მთელი რიგი ვალდებულებები ბუნებრივი აირის მარაგების აღმოჩენასთან დაკავშრიებით. რაც ვერ შეასრულა. კომპანიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში არსებულ ბუნებრივ მარაგებთან დაკავშირებით, რითიც საერთაშორისო ბირჟებზე კომპანიის აქციის ფასების გაზრდა სურდა. სხვა არაერთი ტიპის თაღლითობა უკავშირდება ამ კომპანაის. „ფრონტერასთან„ მიმართებაში უამრავი კითხვა არსებობს“, – განაცხადა გვიდიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა მარკუეინ მალინიმ საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამერიკული კომპანიების მიმართ აგრესიულ ქმედებებს შეწყვეტს.
თამუნა შეყილაძე