სოფელ გორელოვკაში ადგილობრივებმა საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს
ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი პროტესტის მთავარი მიზეზი წყალი და საძოვრებია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჰექტრობით მიწა გორელოვკაში 4–5 კაცის მფლობელობაშია გადასული.
აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ, ისინი სოფელში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის და პარლამენტის დეპუტატის, ენზელ მკოიანის მისვლას ითხოვენ.
გორელოვკაში ადგილობრივებმა საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
“გზას იქამდე არ გავხსნით, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები არ მივლენ. გარდა წყლის პრობლემისა, ამ სოფელს ბევრი პრობლემა აწუხებს”,- ამბობენ “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ადგილობრივები.
ადგილზე იმყოფება ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოს უფროსი, მალხაზ სამსონიშვილი. იგი აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებს.