ერგეტაში უძველესი კოლხური ნამოსახლარის – დიხაგუძუბების რევიტალიზაცია იგეგმება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, ინტეგრირებული ეკომუზეუმის მოწყობა სურთ.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში (DMO) განუცხადეს.

“სოფელ ერგეტაში, ძველი კოლხური ნამოსახლარის გვერდით, სადაც გათხრები აქტიურად მიმდინარეობს, შესაძლოა, კოლხური სოფლის რევიტალიზაცია მოხდეს. ერგეტა იქნება საწყისი წერტილი, მაგრამ მას მოყვება გაგრძელება ხობის, აბაშის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, სადაც ასევე გვაქვს დიხაგუძუბები. პროექტის გაგრძელება იგეგმება და შეიქმნება ერთიანი დიხაგუძუბების ტური“,- აცხადებენ DMO-ში.

DMO-ს ინფორმაციით, კერძოდ, გათხრებისგან გამოღებული მიწით ზუსტად ისეთივე მიწაყრილის გაკეთება სურთ, როგორსაც ადრე კოლხები აკეთებდნენ.

ეკომუზეუმი არის დინამიური გზა, სადაც თემების შენარჩუნება, ინტერპრეტაცია და მათი მემკვიდრეობის მართვა ხდება მათი მდგრადი განვითარებისთვის. ეკომუზეუმი იქმნება საზოგადოებასთან შეთანხმებით და ეფუძნება მათ ძირითად მატერიალურ და არამატერიალურ რესურსს“, – აცხადებენ პროექტის ავტორები.

ამ ეტაპზე პროექტი დამუშავების პროცესშია, თუმცა კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს ინტეგრირებული ეკო-სოფელი დაახლოებით ასე გამოიყურება – პირველ რიგში, აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენება. საჭიროა მათი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე ტრადიციული მასალებითა და ტექნოლოგიებით აღდგენა. მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები. საგამოფენო სივრცე: გამოქვაბულების კომპლექსი, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ეთნოგრაფიული მასალა; ვინაიდან ეკომუზეუმი ტრადიციული ყოფის რევიტალიზაციის სივრცედ განიხილება, აქ უნდა მოხდეს ყველა იმ ტრადიციული რეწვის სახეობის აღდგენა, რაც დამახასიათებელია კოლხებისთვის. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი უნდა იყოს ტრადიციული ყოფის აღდგენილი მოდელები და თანამედროვე საინტერპრეტაციო მეთოდებით უნდა იყოს ახსნილი მათი ფუნქციონალურობა.

კვების სივრცე– სადაც მხოლოდ კოლხური ტრადიციული სამზარეულო იქნება რეკონსტრუირებული; ტრადიციულ კერძებთან ერთად, აქ აღდგენილი უნდა იყოს აგრეთვე ტრადიციული ინგრედიენტები და მომზადების ფორმები, გარდა იმისა, რომ ინტერიერი უნდა შეესაბამებოდეს ტრადიციულს, საჭმლის მომზადება ხდება ტრადიციულ სამზარეულოში და მომსახურება/სერვირება ტრადიციული ჭურჭლით.

განთავსების სივრცე – ეკომუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრადიციული სახლებისგან შემდგარი ერთიანი სივრცე, სხვადასხვა ფასთა კატეგორიით, სადაც მხოლოდ ტრადიციული სტილის ღამისთევის შემოთავაზება იქნება. აღნიშნული ტიპის სივრცეები ხშირად გვხვდება აღდგენილ შუა საუკუნეების სოფლებში იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში.

იქნება თუ არა შემდეგი საქართველო, ამას დრო გვიჩვენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები