როგორ აფასებენ ახლა და როგორ აფასებდნენ ადრე NDI-ის და IRI-ის რეიტინგებს პოლიტიკოსები
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნა, რომელიც ტრადიციულად დავის საგანი გახდა.
საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარებული კვლევების მიმართ წლების განმავლობაში ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები ისმის.
ვიდეოში, წარმოდგენილია სიუჟეტი, თუ როგორ აფასებდნენ IRI-ის კვლევის შედეგებს პოლიტიკოსები. მაგალითად, ასე აფასებდა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი IRI-ის კვლევებს 2007 წელს.
„როგორც ჩანს ისინი გამოკვლევების დროს არ გასცილებიან კანცელარიას, ან რომელიმე ფსიქიატრიული საავადმყოფოს ეზოს“.
ეს კი NDI-ის ბოლო კვლევის შეფასებებია:
შალვა ნათელაშვილი – „უდიდეს მადლობას მოვახსენებ ჩემს ხალხს ნდობისთვის, მაგრამ დღეს უნდა აიწიოს საქართველოს რეიტინგმა, დღეს უნდა ჩამოჰკრას გადარჩენის ზარებმა, ჩვენ უნდა წავიდეთ გამარჯვების გზაზე და ამ გზაზე ჩვენ ყველას, ჩვენი რეიტინგები გვექნება“.
გიგა ბოკერია – „დემოკრატიული ოპოზიცია აშკარად ჯაბნის ჯამში „ქართულ ოცნებას”. ჩვენთვის, „ევროპული საქართველოსთვისაც” ტენდენციის თვალსაზრისითაც კარგი მონაცემებია.“
დავით ბერძენიშვილი – „ენდიაის კვლევა სრულ კორელაციაშია ფაქტიურად იმავე პერიოდში ჩატარებულ აიარაის კვლევასთან. ეს მნიშვნელოვანია სანდოობისთვის.“
მამუკა მდინარაძე – „NDI-ის მიმართ რაიმე განსაკუთრებული უნდობლობა არ გვაქვს. ჩვენ ამ ინსტიტუტს პატივს ვცემთ. საქართველოში არის მოცემულობა, რომ ისინი სამწუხაროდ, ენდობიან CRRC-ის (უშუალოდ საველე სამუშაობის შემსრულებელი კომპანია). ამაზე შეხვედრაზე ბევრი საუბარი იყო. მათ წინაშე მოვიტანე უამრავი არგუმენტი და მოვისმინე მათი განმარტებებიც. ჩვენ სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქართული ოცნება ამომრჩეველთა ნახევრის მხარდაჭერას მოიპოვებდა ხოლმე, მაშინ როდესაც რამდენიმე თვით ადრე CRRC-ის მიერ დადებული შედეგებით 15%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა“.
წყარო: primetime.ge