საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადება

საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად და წარსადგენად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა შესაბამისი დადგენილება მიიღო. სტუ-ის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 15 იანვრის #01-05-04/11 დადგენილების თანახმად, საპროკურორო საბჭოს გენპროკურორობის კანდიდატად წარუდგინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ მიწვეული ასოცირებული პროფესორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს. კანდიდატი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, აქვს საქართველოს პროკურატურაში მუშაობისა და პროკურატურის ხელმძღვანელობის არაერთწლიანი გამოცდილება, გარდა ამისა, გააჩნია პროკურატურის განვითარების ხედვა.
კანდიდატურების წარდგენას წინ უძღოდა აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან საქართველოს გენერალური პროკურორის შერჩევისთვის გასაზღვრული ერთთვიანი კონსულტაციების პროცესი. კონსულტაციები „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს განკარგულებით, 2019 წლის 17 დეკემბერიდან დაიწყო.

კანონის შესაბამისად, ერთთვიან კონსულტაციებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიკრიბა აკადემიური საბჭო, რომელმაც საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით იმსჯელა.
ცნობისათვის, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური 2019 წლის 12 დეკემბერს გახდა. საპროკურორო საბჭოში კანდიდატების წარდგენა 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება, რის შემდეგაც საბჭო სამს კანდიდატს შეარჩევს. საბჭოს მიერ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერას მიიღებს. საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული 3 კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება. პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები