ერეკლე კუხიანიძე: იმედი მაქვს, შემხვდება ბიძინა ივანიშვილი, თუ არ შემხვდება, ჩავთვლი, რომ რაღაც დიდი ხიფათის ქვეშაა ეს ადამიანი
დიდი იმედი მაქვს, რომ შემხვდება ბიძინა ივანიშვილი, თუ არ შემხვდება, ალბათ, ჩავთვლი, რომ რაღაცა დიდი ხიფათის ქვეშაა ეს ადამიანი, – ამის შესახებთ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კუხიანიძის თქმით, ივანიშვილთან საუბარი საკრებულოს უმრავლესობიდან მისი გარიცხვის საკითხის შესახებაც სურს.
კუხიანიძე მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობიდან უსამართლოდ გარიცხა.
„რა ხდება რეალურად ამ ქვეყანაში – მუდმივად არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენთან არის დემოკრატია . მართლაც, დემოკრატია არის ის, რომ არავინ არავის სდევნის და ტერორი არ არის. დავიწყოთ მთავარი მომენტიდან, ბიძინა ივანიშვილს აქვს ნათქვამი ეს ფრაზა – სახელმწიფო ვერ განვითარდება, თუ საზოგადეობაში არ მოხდება თვითორგანიზაცია. ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მართავს ამ ქვეყნას აბსოლუტურად სამართლიანად, რადგან არის გამარჯვებული პარტიის ლიდერი. ადამიანი გვეუბნება, მიუხევდავად იმისა, რომ მთელი ჩემი სისტემები მართავს, ამ ქვეყანას განვითარება არ უწერია, თუ საზოგადოება რაღაცა თვითორიგანიზაციას არ მოახდენსო. დარწმუნებული ვარ, ამას ბევრმა არც მიაქცია ყურადღება. ესაა დემოკრატიული ქვეყნის კანონზომიერება. მთავრობა უნდა კონტროლდებოდეს საზოგადოების მხრიდან. არსებობს თვითმმართველობის კანონი, სადაც 86 პრიმა მუხლი ითვალისწინებს გამგებლის, აწი უკვე მერის მრჩეველთა საბჭოს დანიშვნას. ვალდებული იყო გამგებელი დაენიშნა მრჩეველთა საბჭო, მათთვის გაეცნო რა ხდება რეალურად მუნიციპალიტეტში, რა ბიუჯეტია, როგორ ხდება ამის განკარგვა და საბჭოსთან ერთად ემსჯელა ყველა საკითხზე. ჩემი დიდი მოწადინებით, როცა პირველი მოადგილე ვიყავი, გამგებელმა დანიშნა მრჩეველთა საბჭო. კარგი, წესიერი ხალხი დაინიშნა, მაგრამ წავიდა ლაპარაკი, რომ დაინიშნეს საკუთარი ხალხიო და ა.შ. როცა დავინიშნე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად, გავაკეთე მარტივი რაღაც – ჩავატარე საბჭოს არჩევნები.
ბიძინა ივანიშვილს ადრე შევხვდი ერთ შეხვედრაზე. მე მოვახერხე და ამ თემაზე დავუწყე ლაპარაკი. მაშინვე დაინტერესდა ძალიან, გადმომეცი დოკუმენტიო, ან ამას მიეცი, ან ამასო. გადავეცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს დოკუმენტი დაიკარგა. საკრებულოში გავაგრძელე მცდელობა, რომ ეს გამეკეთებინა, მაგრამ ასევე დაიბლოკა.
დიდი იმედი მაქვს, რომ შემხვდება ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ თუ არ შემხვდება, ალბათ, ჩავთვლი, რომ რაღაცა დიდი ხიფათის ქვეშაა ეს ადამიანი , ვერ დგამს ამ ნაბიჯს. უბრალოდ ირიბად გვთხოვა დახმარება, ამ განცხადებით, როცა განაცხადა, თუ საზოგადოება თვითორგანიზაციას არ მოახდენს, სახელმწიფო ვერ განვითარდებაო”, – განაცხადა კუხიანიძემ.
თამუნა შეყილაძე