კახა კალაძე NDI-ს კვლევაზე: ძალიან კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ, კარგად გვაქვს ეს ურთიერთობები აწყობილი

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, NDI-ს კვლევები მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციაა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, მან კარგად იცის საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ და მმართველ პარტიას ხალხთან ურთიერთობები კარგად აქვს დალაგებული.

“NDI-ს კვლევებს რაც შეეხება, მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. ჩვენ კარგად ვხედავთ, სტატისტიკაც შეიძლება ამოვიღოთ, როგორი კვლევები ქვეყნდებოდა 2010 წლამდე, 2012 წლის შემდეგ და რა შედეგები იდებოდა.

მე ძალიან კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ, ჩემი პარტიის მიმართ და ძალიან კარგად გვაქვს ეს ურთიერთობები საზოგადოებასთან აწყობილი. როგორც უნდათ, ისე დაწერენ ციფრებს, ამის პრობლემა მათ არ აქვთ.”- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ლიდერთა საქმიანობის რეიტინგში პირველ ადგილზე კახა კალაძეა, გამოკითხულთა 31 პროცენტი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას კარგად აფასებს, 32 პროცენტი საშუალოდ, ხოლო 16 პროცენტი ცუდად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები