სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განმარტა, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლას თვეში ერთხელ განიხილავს და ვინაიდან საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა, რაც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის წინაპირობაა, მოსამართლემ ის პატიმრობაში დატოვა.

მისივე თქმით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ ოქრუაშვილის მხრიდან მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კვლავ არსებობს.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის თქმით, ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნაა.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის სამი მოწმე – ორი გამომძიებელი და შსს-ს პრესცენტრის თანამშრომელი დაიკითხა. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს გაიმართება.

გამოძიება ოქრუაშვილს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები