მამუკა მდინარაძე: CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევები რამდენიმე ათეული პროცენტით აცდა თითქმის ყველა შემთხვევაში საბოლოო შედეგებს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, NDI-ს კვლევები ტენდენციურია და რეალურ შედეგებთან ცდომილება რამდენიმე ათეული პროცენტია.

“CRRC-ის კვლევები ახალი არ არის ტენდენციურობასთან მიმართებაში. შეგვიძლია გავიხსენოთ, 2016 წლის მარტის კვლევა CRRC-ის ჩატარებული, სადაც “ქართულ ოცნებას” 15% ჰქონდა. თუ გამოვალთ შესაბამისი ლოგიკიდან, მაშინ “ქართულმა ოცნებამ” აიღო 49% და მოიპოვა საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო უმრავლესობა. საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია, სამწუხაროდ, ჯიუტად ისევ CRRC-ის ატარებინებს კვლევას, რომელიც არა 3-4%-ით, არამედ რამდენიმე ათეული პროცენტით აცდა თითქმის ყველა შემთხვევაში საბოლოო შედეგებს,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში გამოკითხულთა 30 პროცენტი არსებული მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 64 პროცენტი – უარყოფითად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები