აბაშაში წყლის ქსელის დაზიანებით გამოწვეული აღდგენითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გრძელდება
აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოებისას, კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან, ქსელის დაზიანებამ სასმელი წყლის ამღვრევა გამოიწვია, რის გამოც აბაშასა და მიმდებარე სოფლებს – მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება შეუწყდა.
ქსელის დაზიანების ადგილზე სიტუაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი პერტენავა გაეცნენ.
ვიცე-გუბერნატორის განცხადებით, წყლის დაზიანებული ქსელის აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა პრობლემა უმოკლეს ვადაში მოგვარდეს.
ქალაქ აბაშისა და მიმდებარე სოფლების წყლის მიწოდების აღსადგენად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მესამე დღეა სამუშაო პროცესში, კომპანიის ტექნიკურ და საავარიო ჯგუფებთან ერთად, ჩართულია შესაბამისი სამსახურები და მობილიზებულია მძიმე ტექნიკა რეგიონებიდან. ინტენსიური სამუშაოების პარალელურად, მოსახლეობისთვის წყალმზიდების საშუალებით წყლის მიწოდება გაგრძელდება წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე.