გია ვოლსკი: მამუკა ხაზარაძემ ქვეშეთი-კობის გზასთან დაკავშირებით ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა
მამუკა ხაზარაძემ აღარ იცის, რას მიედ-მოედოს და რომელ ხავსს ჩამოეკიდოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ხაზარაძემ ქვეშეთი-კობის გზასთან დაკავშირებით ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა.
„მამუკა ხაზარაძემ აღარ იცის, რას მიედ-მოედოს და რომელ ხავსს ჩამოეკიდოს. ხაზარაძემ ქვეშეთი-კობის გზასთან დაკავშირებით ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. მამუკა ხაზარაძე იქცევა ანტისახელმწიფოებრივად და თავადაც ძალიან კარგად იცის. ტანკის მოასფალტებულ გზაზე სიარულის თემა დღის წესრიგში არ დგას, ეს კარგად იცის. იცის, რომ რუსულ კომპანიას სთავაზობდა კონსორციუმის საქმიანობაში ჩართვას. კარგად იცის, თავისი ვალდებულებები შეუსრულებელი აქვს. იცის, რომ პოლიტიკურ ფარდას ამოეფარა მაშინ, როდესაც სერიოზულ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი. დღეს ცდილობს, რაღაც სკანდალური თემები წამოწიოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ არ სჭირდება მოასფალტებული გზა, თუ აგრესია გადაწყვიტა კონკრეტულმა ქვეყანამ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ „სახელმწიფოს პოლიტიკაა, მთელი ვექტორი წავიდეს რუსეთისკენ, ამას მოწმობს ქვეშეთი-კობის საგზაო მონაკვეთის დაფინანსება, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის. ქვეშეთი-კობის გზით რუსეთს ვაძლევთ ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობას“.