ნიკა მელიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. მელია პარლამენტის მიერ მისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას აპროტესტებს.
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტით უკანონო დადგენილება მიიღო.
“დღეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს ტესტი. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არ ცნობს დასაშვებად ჩვენს სარჩელს და არ გააუქმებს პარლამენტის უკანონო დადგენილებას ფაქტობრივად, ყოველგვარი აზრი ეკარგება ნიკა მელიას დავას, როგორც სააპელაციო ასევე, საკასაციო ინსტანციებში, ვინაიდან, აღარ არსებობს ინსტრუმენტი, რომ მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება კვლავ აღუდგეს. პარლამენტის მიერ უკანონოდ იქნა დადგენილება მიღებული, როდესაც ჯერ არ არსებობდა საბოლოო, ძალაში შესული უზენაესი სასამართლოს მიერ განხილული განაჩენი”,- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
პარალელურად, კვირის ბოლოს პარლამენტში დეპუტატებმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლის საკითხზე უნდა იმსჯელონ.