ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც შტაბის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე უძღვებოდა. შტაბის წევრებმა სხდომაზე მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა შეაფასეს და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი მეტრამდე აღწევს. ხოლო, დაბაში 30 სანტიმეტრია. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს, აქ თოვლის საფარი 1 მეტრი და 20 სმ. საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრამდე.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდასასოფლო გზებზე თოვლის საფარის გაწმენდითი სამუშაოები. კურორტ გოდერძზე გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით.
ამ დროისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 8 ერთეული ტექნიკა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ა (ა) იპ მუნიციპალური სერვისების 2 ერთეული ტექნიკა აწარმოებს გზების გაწმენდით სამუშაოებს. ელექტროენერგიის გარეშე რჩება 7 სოფელი.
“ენერგო პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, დარჩენილ სოფელებს ელექტროენერგია დღის ბოლომდე აღუდგებათ. მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოქმედებს ცხელი ხაზი 551 00 52 72.