ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ მეორე პირს ბრალი წარედგინა
ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის, მ. წ.-ს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ მეორე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ადვოკატის, გიორგი გოგინავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს არ აღიარებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც განიცდის ამ სიტუაციას. წარდგენილ ბრალდებაში ის არ ცნობს თავს დამნაშავედ, ვინაიდან მომხდარი ინციდენტის დროს ის არ იყო ჩართული ჩხუბში, ჰქონდა გამშველებლის ფუნქცია. რაც შეეხება საკითხს, თითქოს გზაში მიატოვეს მ.წ. , არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მოხდა ტრანსპორტირება მის საცხოვრებელ ბინაში. ანუ თავად ცდილობდა, გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რაც ვერ უზრუნველყო. შეუძლოდ გახდა ამჟამად უკვე გარდაცვლილი ბიჭი, რის შემდეგაც ვახტანგ ბურძენიძემ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ბრალდების დადგენილებას გავეცანით. არსებითი განხილვების დროს ჩვენ სასამართლოს დარწმუნებას ვეცდებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად უდანაშაულოა და ის აშველებდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
ვახტანგ ბერძენიძეს ბრალი ორი მუხლით წარედგინა, რომელიც ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის, მ. წ,.-ს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ 5 იანვარს შსს-ს თანამშრომელი, ზ. ფ. დააკავა. ბრალდებული პროკურატურის შუამდგომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გადააყენეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.