მაია ცქიტიშვილი: კონსორციუმმა თავისი ქმედებებით, სამწუხაროდ, დაამტკიცა, რომ ვერ შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას
მთავრობამ გადაწყვიტა, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” თავისი ქმედებებით დაამტკიცა, რომ პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებს.
“იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წლიდან კონსორციუმის მიერ ხდება მუდმივად ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, დღეის მდგომარეობით კონსორციუმმა მიუხედავად ორ წელზე მეტი, მრავალჯერ გადავადების მიუხედავად კონსორციუმმა ვერ შეძლო საკუთარი ინვესტიციების, კერძო ინვესტორის მოზიდვა და კერძოდ, 120 მილიონი დოლარის ოდენობით საკუთარი კაპიტალის შევსება, ასევე ვერ მოახერხა ინვესტორმა საერთაშორისო ბანკებიდან 400 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის მიღება. ასევე ვერ შეასრულა პორტის კომერციულ ოპერატორთან ხელშეკრულების გაფორმების და პორტის მშენებელ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება ისევე, როგორც არ იქნა კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია 20 მილიონის ოდენობით და ასევე სამშენებლო გარანტია 40 მილიონი დოლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე და კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით კონსორციუმს არ აქვს წარმოდგენილი რეალური ინვესტორი, პროექტის შემდგომი განხორციელების რეალისტური ხედვა, გეგმა, მთავრობამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ შემდგომ გადავადებას არ ექნება დადებითი შედეგი პროექტის განხორციელებისთვის. ვინაიდან, ამ პერიოდის განმავლობაში კონსორციუმმა თავისი ქმედებებით, სამწუხაროდ, დაამტკიცა, რომ ვერ შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას. ამდენად, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაიწყოს პროცედურები “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.