წნორში მომხდარ მკვლელობაზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წნორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 1 პირი – 1993 წელს დაბადებული ი.გ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 2 იანვარს, ქალაქ წნორში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს 1969 წელს დაბადებული ი.ხ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც გარდაცვლილის ნათესავია, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა ი.ხ.-ს, სახლიდან წაიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. ი.ხ. მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე  საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები