ანრი ოხანაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა 21-ე საუკუნის სირცხვილია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 29 დეკემბერს დაგეგმილ სოლიდარობის აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, გაფრინდაშვილი საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარების სიმბოლოა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმი გათავისუფლდეს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ასევე მოყვეს რეაგირება ასეთ უკანონო ქმედებებს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ამიტომ, ამ ფორმით, ცივილური, დემოკრატიული ფორმით აზრის გამოხატვა არის ნებისმიერი ფორმა, რომელიც ყველას შეახსენებს აღნიშნული უკანონობის შესახებ. ეს ადამიანი საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარების სიმბოლოა და შესაბამისად, ის, რაც ხდება, არის 21-ე საუკუნის სირცხვილი, რასაც ექიმის უკანონო პატიმრობა ჰქვია“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 29 დეკემბერს სოლიდარობის აქცია „თავისუფლების სიგნალი“ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს, მას დე-ფაქტო ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მთავარი თემაც გახდა. ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო სასამართლომ 20 დეკემბერს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები