გიორგი ვოლსკი: ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად თავისი რესურსი ოპოზიციამაც უნდა გამოყენოს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, ოპოზიციამ საკუთარი რესურსები უნდა გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ვაჟა ექიმის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით ყველა ერთად უნდა იდგეს.
“სახელმწიფომ, პოლიტიკურმა სტრუქტურებმა თავის ხაზებით უნდა იმუშაოს. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამაც თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს დაპირისპირების თემა. ეს არის ისეთი თემა, სადაც ყველა ერთად უნდა იდგეს,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს, მას დე-ფაქტო ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მთავარი თემაც გახდა. ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო სასამართლომ 20 დეკემბერს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით მიუსაჯა.