ქობულეთში ავტომობილი ხრამში გადავარდა – დაღუპულია ხუთი 17 წლის მოზარდი
აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ავტომობილი ხრამში 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მომხდარის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორამციით, ხუთივე მათგანი არასრულწლოვანია, ისინი 17 წლისები იყვნენ.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მანქანა და ხუთივე დაღუპულის ცხედარი ხრამიდან უკვე ამოიყვანეს.
მანქანაში ნაპოვნია გარდაცვლილების პირადი ნივთები, მათ შორის ჩანთებიც. დაღუპულთა ცხედრები ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზას ბიუროში არიან გადასვენებული. ადგილზე იმყოფებიან აჭარის მთავრობის წარმომადგენლები
შინაგან საქმეთა სამინისტროში “კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.