თეა წულუკიანი: დაწესებულებებში, რომელშიც სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, წამება და არაადამიანური მოპყრობა აღმოფხვრილია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუკი რომელიმე დაწესებულებაში პატიმრებს შორის რაიმე დაპირისპირება ან ჩხუბი იქნება, ყოველ ამ შემთხვევაზე გამოძიება იწყება.
“ოთხ ყველაზე დიდ დაწესებულებაში, რომელშიც სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, აღმოფხვრილია წამება და არაადამიანური მოპყრობა. არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც არა ეთიკურად მოეპყრო რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი თანამშრომელს. რეალობა არის ამ ანგარიშში იმასთან დაკავშირებით, რომ მამაკაცთა დაწესებულებებში – იქ, სადაც დახურული სივრცეა, პატიმრები ერთმანეთს ან ვერბალურად, ან ფიზიკურად უპირისპირდებიან ხოლმე და არის არა მხოლოდ შელაპარაკება, არამედ ჩხუბიც. აქედან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაზე იწყება გამოძიება,“ – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატმა რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგი N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებებში ჩატარდა. ანგარიშში მითითებულია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში.