ირაკლი კობახიძე: მხოლოდ “ფეისბუქი“ არ არის პრობლემა, პრობლემაა თუნდაც სატელევიზიო სივრცე, სადაც დეზინფორმაცია ვრცელდება

საქართველოში ტროლების კუთხით ძალიან მძიმე ვითარებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასული თვეების განმავლობაში, დეზინფორმაციის აღკვეთასა და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმაზე საუბრისას, კონკრეტულმა სუბიექტებმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სერიოზული კრიტიკა გამოთქვეს.

“პირველ რიგში ყველას მოვუწოდებ, რომ თავიანთ ტროლებს მიხედონ. საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს ტროლების კუთხით, ამაზე ვსაუბრობდით გასული თვეების განმავლობაში. გახსოვთ იგივე, როცა საუბარი იყო საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, იქაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც დაისვა, იყო სწორედ დეზინფორმაციის აღკვეთა და აქეთკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა. მაშინ კონკრეტულმა სუბიექტებმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ძალიან სერიოზული კრიტიკა გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესებას “ფეისბუქთან“ დაკავშირებით, თუ ასეთი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. დღეს იგივე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამას სჭირდება ზღვრის დაწესება. ხედავთ, რომ აქ არის ორმაგი სტანდარტი“ ,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მარტო “ფეისბუქი“ არ არის პრობლემა, პრობლემა არის თუნდაც სატელევიზიო სივრცე და ნებისმიერი სხვა სივრცე, სადაც დეზინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება.

“ძალიან კარგია ეს ყველაფერი, ჩვენ გვაქვს ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ეხება სწორედ დეზინფორმაციის თავიდან აცილებას. ამაზე მსჯელობა გაგრძელდება. არის კანონპროექტი ინიცირებული სხვადასხვა სივრცეზე, მარტო “ფეისბუქი“ ხომ არ არის პრობლემა, პრობლემა არის თუნდაც სატელევიზიო სივრცე და ნებისმიერი სხვა სივრცე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება დეზინფორმაცია და მოედინება აგრესია“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები