ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაში 3 წლის ბავშვს, ამ წუთებში, ოპერაცია უტარდება. ადგილზე იმყოფება აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. თავდაპირველად, მოზარდის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანას აპირებდნენ, თუმცა, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა.
ბავშვი საავადმყოფოში მოქალაქემ მიიყვანა. მისი თქმით, ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ავტომობილიდან გადავარდა.
“რაც შეეხება ტრაილერის მძღოლს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადმოიყვანა, მას ტრავმა თავის არეში აქვს მიყენებული”,- აცხადებენ კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთი-ოზურგეთის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორის ერთი 10 წლამდე ბავშვია. დაშავებულები ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.