რომან გოცირიძე: “ნაცმოძრაობამ” ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკური დევნაა.
“პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არის ვადები და ის აუცილებლად იქნება გასაჩივრებული. ნიკა მელიას უფლებამოსილება უკანონოდ შეუწყვიტეს, ვინაიდან შესაძლებელი იყო, რომ სხვა ინსტანციებს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღოთ. გარდა ამისა, ეს არის აშკარა პოლიტიკური დევნა და პარტიის ლიდერის განეიტრალება წინასაარჩევნოდ. ყველა დეპუტატი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, სამარცხვინო სიაში იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში,” – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანომ მელიას უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა. ნიკა მელიას “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე 2 წლით და 3 თვით თანამდებობაზე მუშაობა აეკრძალა.