ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, არ გვქონდეს არც ერთი „პასიური,” არააქტუალური პროგრამა, რომელიც არ იქნება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული

„ეკონომიკის სამინისტროს მნიშვნელოვანი ბერკეტი გააჩნია ქართული წარმოების და მცირე ბიზნესის დახმარების მიმართულებით „აწარმოე საქართველოში” პროგრამის სახით. აღნიშნულმა პროგრამამ საკმაოდ წარმატებულად იმუშავა 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში მიმდინარე „მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

ნათია თურნავას ინფორმაციით, სესხის პროცენტის სუბსიდირების მიმართულებით ფინანსური დახმარება მიიღო 464-მა ქართულმა კომპანიამ, რამაც შესაძლებელი გახადა 1 მილიარდამდე ინვესტიციის განხორციელება და 15 600-მდე სამუშაო ადგილის შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის 2019 წელს დაფინანსდა 67 ახალი საწარმო და 46 მცირე სასტუმრო.

რაც შეეხება მიკრო გრანტებს, მინისტრის თქმით, ეს არის მეორე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი, რომლითაც დღემდე ისარგებლა 6 212-მა ოჯახმა, შეიქმნა 10 000-მდე სამუშაო ადგილი ყველაზე მცირე ზომის, ოჯახურ ბიზნესებში.

„ჩვენ 2020 წლის გაზაფხულიდან კვლავაც ვგეგმავთ მიკროგრანტების პროგრამის გააქტიურებას. ეს არის გზა, დავეხმაროთ მიკრო და მცირე ბიზნესს რეგიონებში, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, ბიზნესის დახმარების პროგრამები კიდევ უფრო ქმედითი, უფრო მეტად ორიენტირებული უნდა გახდეს მეწარმეების საჭიროებებზე.

„რადგან დღეს ერთის მხრივ გვაქვს ძალიან მოთხოვნადი დახმარების პროგრამები (მაგალითად სესხის %-ის სუბსიდირება, მიკროგრანტები) მაგრამ ასევე გვაქვს პროგრამები, რომელიც შეფერხებით მუშაობს, რადგან მათზე მოთხოვნა ბანკების და ბიზნესის მხრიდან ნაკლებია – მაგალითად საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ჩვენი და პირადად ჩემი ბევრი მცდელობის მიუხედავად, ჯერაც ვერ სარგებლობს სათანადო პოპულარობით. ჩვენი ამოცანაა, არ გვქონდეს არც ერთი „პასიური”, არააქტუალური პროგრამა, რომელიც არ იქნება ბიზნესის საჭიროებებზე ზედმიწევნით მორგებული. ამიტომ ვახორციელებთ ამ მექანიზმების მუდმივ დახვეწას”, -აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები