ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი: სკოლები მაქსიმალურად უნდა აღიჭურვოს სპეციალისტებით, რომლებსაც მოზარდების ფსიქოლოგია კარგად ესმით

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოზარდებთან მუშაობისას ყველაზე მკვეთრი პრობლემა სისტემასთან შეჯახებაა.

ფსიქოლოგის თქმით, ქვეყანაში სისტემა შესაცვლელი კიარა, შესაქმნელია, რომელიც განათლებას უნდა დაეფუძნოს.

ამასთანავე, ის მიიჩნევს, რომ ადამიანები, რომლებსაც ბავშვთან პირველადი შეხება აქვთ, მათთან ურთიერთობისთვის შესაბამისად მომზადებულები უნდა იყვნენ.

“მსხვერპლი არის სამწუხარო. ვფიქრობ, ერს ჰყავს გონიერი ადამიანები, რომლებმაც დასკვნა უნდა გააკეთონ და მიხვდნენ, რამდენი სამუშაო გვაქვს წინ. ამ შემთხვევამ გვაჩვენა, რომ სისტემა არანაირ დონეზე არ მუშაობს. სისტემის ცვლილებაზე კი არაა საუბარი, სისტემა გვაქვს შესაქმნელი.

პრაქტიკაში მოზარდებთან ურთიერთობისას ყველაზე მეტად გამოკვეთილი პრობლემა უსისტემობასთან შეჯახებაა. აკეთო შენი საქმე, როდესაც სისტემის დონეზე მხარდაჭერას ვერ გრძნობ, გიტოვებს განცდას, რომ საქმე ფუჭია. გამოსავალს, პირველ რიგში, ვხედავ განათლებაში, რომელიც აბსოლუტურად ყველა დონეზეა დასაგეგმი და შესაცვლელი. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგებიც, ფსიქიატრებიც… კომპონენტი არის გასაძლიერებელი და სხვა კუთხით დასანახი. სკოლები მაქსიმალურად უნდა აღიჭურვონ სპეციალისტებით, რომლებსაც კარგად ესმით მოზარდების ფსიქოლოგია.

პირველი შეხება ვისთანაც ადამიანს აქვს, ესენი არიან მშობლები, მასწავლებლები და შესაძლოა, სკოლის ნებისმიერი თანამშრომლებიც, ამ პირველად შემხებ ადამიანებთან გვაქვს საფუძვლიანად სამუშაო”, – განაცხადა ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები