ბავშვთა ფსიქიატრი: ლუკა რომ იმ მომენტში მარტო არ ყოფილიყო, ჩახუტებისა და საუბრის საშუალება ჰქონოდა, ამ ნაბიჯს ავცდებოდით

ბავშვთა ფსიქიატრის დავით ზურაბაშვილის შეფასებით, მოზარდი თვითდაზიანების ნაბიჯს დგამს მაშინ, როდესაც ჩიხშია. ჩიხში კი ადამიანი მაშინ არის, როდესაც ის არის მარტო. გამოსავალი მოზარდთან საუბარი და თანადგომაა.

დავით ზურაბაშვილმა ლუკა სირაძის ტრაგედიაზე ისაუბრა, რომელმაც თავის მოკვლა სცადა, შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“ძალიან ძნელია ამ თემაზე საუბარი. ალბათ, მარტო ოჯახს არ უნდა მივუსამძიმროთ, უნდა მივუსამძიმროთ საკუთარ თავს, იმიტომ, რომ ეს ბავშვი ჩვენი ნაწილიცაა. კი, შეიძლება ფიზიკურად ჩვენ არ გვეხება, მაგრამ ის იყო ახალგაზრდა, რომელსაც შეეძლო ბევრი რამ გაეკეთებინა.

მოზარდი სუიციდურ, თვითდაზიანების, თვითდესტრუქციის ნაბიჯს დგამს მაშინ, როდესაც ჩიხშია. ჩიხში ადამიანი არის მაშინ, როდესაც ის არის მარტო. ის წინ ხედავს კედელს და ამ კედლის გასანგრევად პოულობს არასწორ ნაბიჯს. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ახალგაზრდა შემოატრიალოს, ეს არის არა მარტო დგომა, არამედ საუბარი სხვასთან, გინდაც თანატოლთან, გინდაც უფროსთან, გინდაც ცხოველთან, რომელსაც რაიმეს მოუყვები, ესაუბრები, გასცემ შენს ემოციას. რასაკვირველია ჯობია, როდესაც არის ასაკით დიდი და კომპეტენტური. ამ რისკისგან დაზღვეული არავინ არ არის, როგორც კი ჩვენ დავინახავთ კლასელს, მეგობარს, ახლობელს, რომელიც ზედმეტად ჩაფიქრებულია, ზედმეტად გაჩუმებული, ნუ მოგვერიდება, მოვეფეროთ, ვესაუბროთ. თუ არაფრის თქმა არ უნდა, შეიძლება ფიზიკურად ჩავეხუტოთ, რადგან ეს არის გზა და საშუალება გახსნის და ემოციის გადმოცემის. იმ მომენტში, ალბათ, ვიღაც ბავშვის გვერდით რომ ყოფილიყო, და არ ყოფილიყო მარტო, ჩახუტებისა და საუბრის საშუალება ჰქონოდა, ამ ნაბიჯს ჩვენ ავცდებოდით”, – აღნიშნა დავით ზურაბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები