ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა კრიმინალი უნდა იყოს დასჯილი, რა შუაშია პოლიტიკა
ყველა კრიმინალი უნდა იყოს დასჯილი, რა შუაშია პოლიტიკა, თქვენ ყველაფრის პოლიტიზირებას ნუ ახდენთ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყველა კრიმინალი იქნება დასჯილი.
“ცოტნე გამსახურდია დაიჭირა მიხეილ სააკაშვილმა 2008, თუ 2009 წელს უსამართლოდ და წლები იჯდა ციხეში. ყველა კრიმინალი იქნება დასჯილი, ვინც, ასე ვთქვათ, ჩაიდინა აღნიშნული კრიმინალი, დანაშაული. ყველა იქნება დასჯილი, მაგრამ ცოტნე გამსახურდია თქვენმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა უსამართლოდ ჩასვა ციხეში. ამაზე ისაუბრეთ თქვენ. მე თანავუგრძნობ მის ოჯახს, ძალიან კარგად ვიცნობ ცოტნეს. ყველა კრიმინალი უნდა იყოს დასჯილი, რა შუაშია პოლიტიკა, თქვენ ყველაფრის პოლიტიზირებას ნუ ახდენთ, პოლიტიკური ნიშნით დევნა არის თქვენი ხელწერა, თქვენი პარტიის“ ,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი მედიის კითხვაზე საპასუხოდ.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.