დავით ბაქრაძე: პირველად, სიტყვა ოკუპაცია საკანონმდებლო დონეზე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში 2017 წელს გაჟღერდა
შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე აფასებს.
მისი თქმით, პირველად სიტყვა ოკუპაცია საკანონმდებლო დონეზე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში 2017 წელს გაჟღერდა.
“პირველად, სიტყვა ოკუპაცია საკანონმდებლო დონეზე 2017 წელს გაჟღერდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში. არა 2009 წელს, 2010 წელს ან 2011 წელს და ა.შ. ასე, რომ ჩვენ აქტუალიზაცია ამ საკითხის, რასაკვირველია ვგრძნობთ, რომ დღეს არ არის დოკუმენტი, რომელიც შეეხება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, გამოწვევებს და სადაც საქართველოს არ უჭირავს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ამ გამოწვევების წინა პლანზე მდგომ სახელმწიფოს,” -განაცხადა ბაქრაძემ.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინიცირებული ზომები “ჯოჯოხეთის სანქციების“ სახელით არის ცნობილი. დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და უკრაინაზეც. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთს, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, შეწყვიტოს პრორუსული ძალების ძალადობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიაზე.