არჩილ თალაკვაძე: ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით და ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი
“ფაქტობრივად, ამით ჩვენ ვუგზავნით მესიჯს სხვა ბავშვებსაც, რომ მათაც იგივე დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ საზოგადოებაზე, თავის სკოლაზე და თავის ცხოვრებასთან მიმართებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ, დაწყებულ კამპანიას გამოეხმაურა, როდესაც აქტივისტები სხვადასხვა ადგილებზე წერენ ფრაზას – “ამ ცხოვრების დედაც”.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი კამპანიის დაგეგმვამდე დაფიქრებაა საჭირო.
“განსაკუთრებით მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც ვითარდება ამ შემთხვევის გარშემო და კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც აორგანიზებდნენ პროტესტის ძირითად აქტივობებს, ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით და ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი. ფაქტობრივად, ამით ჩვენ ვუგზავნით მესიჯს სხვა ბავშვებსაც, რომ მათაც იგივე დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ საზოგადოებაზე, თავის სკოლაზე და თავის ცხოვრებასთან მიმართებით. ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი და მით უმეტეს, როდესაც ამ გზავნილს იმეორებენ უფროსები, ადამიანები, ვისიც სჯერათ ბავშვებს, ვეუბნებით ბავშვებს, რომ ცხოვრება არის საშინელი, ვეუბნებით, რომ ამ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად პოზიტივის ადგილი არ არის, ოპტიმიზმის ადგილი არ არის და მათი ადგილიც არ არის. ეს არის არასწორი გზავნილი ცალსახად და ყველანი უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთი ტიპის კამპანიას დავგეგმავთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ბავშვებისთვის მეტი პოზიტივის ჩვენებაა საჭირო.