ნათია თურნავა: დღეს ვისმჯელებთ, როგორ შეიძლება, გავაუმჯობესოთ მოზარდებთან ურთიერთობის პრაქტიკა და პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება შეხვედრა, სადაც იმსჯელებენ თუ, როგორ შეიძლება, გაუმჯობესდეს მოზარდებთან ურთიერთობის პრაქტიკა და პოლიტიკა.

„პირველ რიგში, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, არა მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ძალიან მიჭირს, როგორ შეიძლება, მშობელს შეუმსუბუქო შვილის ასეთი ტრაგიკული დაკარგვა. ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. მეც, როგორც მთავრობის წევრი, როგორც დედა ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ლუკას გარდაცვალების გამო. ზოგადად, ეს არის პრობლემა, ამ პრობლემაზე ყველა სახელმწიფო უწყება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ფიქრობს და ზრუნავს, ვსაუბრობ მოზარდებთან ურთიერთობის პრობლემაზე. ყველა უწყება, ვისაც რამე შეხება აქვს მოზარდებთან, გადახედავს თავის პოლიტიკას და არსებულ პრობლემებს.

​დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება პირველი შეხვედრა, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას და ვისმჯელებთ, როგორ შეიძლება, გავაუმჯობესოთ მოზარდებთან ურთიერთობის პრაქტიკა და პოლიტიკა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

​მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებისკენ თავი უნდა შეიკავოს ყველამ, რადგან მინისტრის განცხადებით, დამოუკიდებელი მოკვლევა მიმდინარეობს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები