“ნატო, შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველო” – შეხვედრაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს

ელჩების კონფერენცია 2019-ის ფარგლებში შეხვედრა – “ნატო, შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველო” გაიმართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, ალიანსის სამხედრო-სამშვიდობო სწავლებებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი, გაფართოების პოლიტიკა და ამ მიმართულებით საქართველოს პერსპექტივები. ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ფართო კონტექსტში განხილულ იქნა ისეთი თანამედროვე და მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორებიცაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჰიბრიდული ომის წარმოება, კიბერ-უსაფრთხოება და ენერგო-უსაფრთხოება.

გამომსვლელმა ელჩებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათი ადგილსამყოფელი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართებით მდგომარეობაზე და განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები ნატოში საბოლოო გაწევრიანების გზაზე.

პანელზე გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ნატოს პოლიტიკაზე, ალიანსის დღის წესრიგში საქართველოს აქტიურად ყოფნაზე და ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებში საქართველოს ჩართულობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელშესახები პროგრესი სახეზეა, რაც ალიანსის წევრებს უადვილებს მის სრულ ინტეგრაციაზე საუბარს. მომხსენებლების თქმით, წელს საქართველომ შექმნა საფუძველი, რომელიც საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს მომდევნო 2020 წელს.

მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა. საპანელო დისკუსიაზე მომხსენებლებად წარდგნენ ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნარდაია, ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე, რუმინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები