გიორგი ტყემალაძე კუხიანიძეზე: უმრავლესობის სხდომა ჩატარდება და გადაწყვეტილება საზოგადოებას ეცნობება
„გამოვყავით ოთახი დილიდან, თუ ჰქონდათ რაიმე სამუშაო ვითარებაში შეხვედრის სურვილი, მზად ვიყავით, ამის უზრუნველყოფა გაგვეკეთებინა. ამის შემდეგ ვნახეთ, რა იყო მათი მიზანი, მათ უნდათ მოაწყონ გარკვეული დესტრუქციული ქმედებები, არეულობები”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გაიმართება საკრებულოს უმრავლესობის სხდომა, სადაც ერეკლე კუხიანიძის საკითხზე იმსჯელებენ.
„უმრავლესობის სხდომა ჩატარდება და გადაწყვეტილების საკითხზე საზოგადოებას ეცნობება. საკრებულოს თავმჯდომარე ისევე, როგორც უმრავლესობის წევრები, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ მას შემდეგ, რაც უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება.
პირველი დღიდან დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ვართ სოლიდარულები ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან.
ადამიანები შეიჭრნენ ერეკლე კუხიანიძის ოთახში. ერთია, რომ არ იყო ერეკლე კუხიანიძის მხრიდან სწორი განცხადება, არ ვიზიარებ, მაგრამ ძალადობრივი განცხადებები, ძალადობა ყველა მხრიდან მიუღებელია. ერეკლე კუხიანიძის ოთახში შევიდნენ, სადაც კარვების გაშლა დაიწყეს“ ,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და უმრავლესობის სხვა წევრები, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილან დაკავშირებით, კუხიანიძის განცხადებას ემიჯნებიან, თუმცა უნდა დატოვოს თუ არა კუხიანიძემ თბილისის საკრებულო, ამ კონკრეტულ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებისგან საკრებულოს უმრავლესობის სხდომამდე თავს იკავებს.
შეგახსენებთ, საკრებულოს წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.
“როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ იდიოტები ან პროვოკატორები არიან“, – დაწერა კუხიანიძემ სოცქსელში.