გიორგი ვოლსკი კონგრესმენების განცხადებაზე: ვფიქრობ, საჭიროა დეტალური პასუხის გაცემა არამხოლოდ წერილობით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამერიკელი კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, კმაყოფილია იმით, რომ აშშ-ს მიერ სასამართლო რეფორმა ობიექტურად და პოზიტიურად შეფასდა.

“ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ აშშ-ს მიერ სასამართლო რეფორმა ობიექტურად და საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა. ამაზე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა. ამავდროულად, საკმაოდ გაკვირვებული ვარ იმ შეფასებითა და ინფორმაციით, რაც ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს აქვთ, თუნდაც ამ 20 ივნისთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საჭიროა დეტალური პასუხის გაცემა არამხოლოდ წერილობით, არამედ ფაქტობრივი მასალის მიწოდება, რასაც ალბათ ჩვენი კოლეგები შეძლებენ ვაშინგტონში ყოფნისას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის, გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილს, რომელიც 13 დეკემბრითაა დათარიღებული, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ადამ კიზინგერი და ჯერალდ ქონელი აწერენ ხელს. „ჩვენ დღეს გწერთ მზარდი შეშფოთებით, რაც უკავშირდება დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და მიიღებენ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტს“, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები