დავით ბაქრაძე: აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის მტკიცე, როგორც არასდროს
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას ეხმაურება.
დავით ბაქრაძის განცხადებით, აშშ-სთან საქართველოს პარტნიორობა არის მტკიცე, როგორც არასდროს.
მისივე თქმით, მიუხედავად განსხვავებული გზავნილებისა, რომლებიც ვაშინგტონში ჩადის, პარტნიორები ყოველთვის ობიექტურ ინფორმაციას იღებენ.
“ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის მტკიცე, როგორც არასდროს, ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია არის აღმავალი, ის ხასიათდება ძალიან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით.
ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს, გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა მათთან. გასაგებია, რომ წინააღმდეგობრივი, განსხვავებული გზავნილები ჩადის, თუმცა, ჩვენი პარტნიორები ყოველთვის იღებენ ობიექტურ ინფორმაციას ჩვენგან, აქედან გამომდინარე, ეს ურთიერთობები, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება,” – განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა “ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც 13 დეკემბრით არის დათარიღებული.
“ქართველებს უნდათ ხალხის მთავრობა, ხალხის ნებით და ხალხისთვის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის გათანაბრებული დასავლეთთან და აქვთ მისწრაფება, შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში, რათა მშვიდობიანად გამოეხატათ მათი შეშფოთება და შემდეგ ისინი მოძალადეებს გადაეყარნენ. მაშინ როდესაც ნებისმიერ მთავრობას აქვს უფლება, გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის წინააღმდეგ, დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას, საკუთარი აზრის გამოსახატად გამოიყენონ მშვიდობიანი საშუალებები. სიახლე, რომ ასობით პროტესტანტი, ჟურნალისტი, და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დაშავდა – და ჰოსპიტალიზებულიც იქნა – გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით, თავზარდამცემია“, – ნათქვამია წერილში.