ოქროს მომპოვებელი შახტიდან ანტიკვარიატის ხელოსნობამდე – ცალხელა ოსტატის ისტორია

ავეჯის ცალხელა ხელოსანი, რომლის ნამუშევრებსაც მთელს საქართველოში შეხვდებით, ონელი ჟორა გოგრიჭიანია. ჟორა ბაბუ 87 წლისაა, თუმცა სახელოსნოში შესული ისეთივე მონდომებითა და ენერგიით მუშაობს ხეზე, როგორც წლების წინ. ამბობს, რომ ასაკის მიუხედავად, მთავარია ადამიანმა სიზარმაცე დაძლიოს და ყველაფერს შეძლებს ცხოვრებაში.
მის ეზოში “რეგიონული კვირის” კამერის დანახვამ ​მოხუცი ოსტატი იმდენად გაახარა, ბედნიერება ვერ დამალა და გვერდზე მდგომ მეუღლეს გადაულაპარაკა – ხომ გითხარი, ვიღაც აუცილებლად მოვა და გვნახავს, ისე არ წავალ ამ ქვეყნიდანო.
ჟორა გოგრიჭიანი 1932 წლის 24 ნოემბერს სოფელ ღებში დაიბადა. სკოლის პერიოდს ღიმილიანი სინანულით იხსენებს და ამბობს, რომ თავისი სიცელქის გამო, სკოლიდან გარიცხეს კიდეც.
“ხატვა მეხერხებოდა და თუ რომელიმე მასწავლებელზე გავჯავრდებოდი, დავხატავდი და გამოვაქვეყნებდი სკოლის კედლებზე, აი ისე, ჟურნალ „ნიანგში” რომ აქვეყნებდნენ ხოლმე. უნდოდათ სკოლიდან გავერიცხე. ძალიან ხელმარჯვე ვიყავი, მოვძებნიდი ყველასთვის უვარგის ნივთებს და საოცრებებს ვაკეთებდი, მახსოვს, სამხედროებმა საველე ტელეფონები დატოვეს, ავიღე მაგნიტები, მავთულები, ერთმანეთზე გადავაერთე და სრულიად ბავშვმა ბატარეის ნათურა გავანათე”, – ყვება ჟორა გოგრიჭიანი.

სკოლიდან გარიცხული მშობლებმა ახლანდელ პროფტექნიკურ სასწავლებელში გააგზავნეს. შახტაში მუშაობას სწავლობდა და დამთავრების შემდეგ სხვა 15 რაჭველთან ერთად სოფელ ღების შახტაში გადაანაწილეს. სწორედ ამ შახტაში აფეთქების შედეგად მარჯვენა მტევანი დაკარგა.
„ოქროს მოპოვება მიმდინარეობდა,“ოქროს ძარღვი“ რომ გადავკვეთეთ, ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ბრდღვიალებდა ოქროს წინწკლები, სამუშაოთა მწარმოებელმა და უფროსმა ძარღვს კოცნა დაუწყეს – ამხელა ოქროს ძარღვი მსოფლიოში არ არსებობსო, ამბობდნენ. ღამის სმენაში ჩამსვეს, შახტას ვამაგრებდით ხოლმე ხის ფიცრებით, თან წინ გასაწევად ვაფეთქებდით სივრცეს. ასაფეთქებლები უპატრონოდ ეყარა. დაბადების დღეზე, 1951 წლის 24 ნოემბერს, მეწყვილემ აიკვიატა – გინდა თუ არა ავაფეთქოთ და გამაგრება გავაკეთოთო, წინააღმდეგი ვიყავი, არ მინდოდა რაც კარგად არ ვიცოდი, ის გამეკეთებინა. თავისი გაიტანა – მავთულები დავჭერი, მან ასაფეთქებელი კაფსულები მოიტანა და ფითილის შეკეთებისას უცებ იქუხა, მაღლა ამაგდო, ვერც ვერაფერს ვხედავდი, აღარც სმენა და აღარც მარჯვენა ხელის მტევანი მქონდა”,- იხსენებს უბედური შემთხვევის დეტალებს ჟორა ბაბუ.
პროფესიონალი ქირურგის დახმარებით სიცოცხლე შეუნარჩუნდა, სმენა და მხედველობა დაუბრუნდა, მაგრამ ხელს ვეღარაფერი ეშველა. ახლა ოჯახთან ერთად ონში ცხოვრობს და მარცხენა ხელით ნახატი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებს ღებში ინახავს.

ჟორა გოგრიჭიანის უნიკალურ ხელობას მისი შვილიშვილი აგრძელებს. პატარა ასაკიდანვე შეაყვარა ხეზე მუშაობა და მიმდევარიც გაიჩინა.
„უამრავი რამ მაქვს გაკეთებული. ონში კი არა, საქართველოს მასშტაბით სად აღარ ნახავთ ჩემს მიერ დამზადებულ ავეჯს. თბილისშიც ვმუშაობდი, მოსწავლეებიც მყავდა – ბევრს ვასწავლე ხელობა.

მაგრამ მაინც, ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანისთვის ოჯახია, მომავალს რომ კარგად დატოვებ და სახელოვნად წახვალ იქ, სადაც ბოლოს ყველა მიდის.

წლების წინ ჩემზე კინოსაც იღებდნენ, შემდეგ მითხრეს ფირი გაგვიფუჭდაო და არ გამოვიდა. გული დამწყდა, მინდოდა ვინმეს ჩემი – ცალხელა კაცის შექმნილი ენახა”, – ამბობს ოსტატი.

კითხვაზე, თუ რას ეტყვის მომავალ თაობას, პასუხობს, რომ მთავარია ადამიანმა სიზარმაცე დაძლიოს და ცალი ხელითაც კი მიაღწევს მიზნებს.
“მე ყველას ვეუბნები – „აი, ხომ მიყურებთ ცალხელა კაცმა რამდენი შევძელი, ცივ ქვაზე რომ დამსვა, იქაც კი არ მომშივდება, ამიტომ ნუ დაგეზარებათ შრომა და შრომის შედეგსაც მიიღებთ“.

 

 

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები