“მათ მე შვილი მეორედ მაჩუქეს” – აილამაზე ჩარჩენილი კაცი მაშველებმა ორი დღის შემდეგ ცოცხალი ამოიყვანეს

აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადარჩენილია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გურამ ლობჟანიძის მამა, თამაზ ლობჟანიძე „რეგიონულ კვირასთან“   მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივმა მუშაობამ მას შვილი მეორედ აჩუქა.
„გარიჟრაჟზე, კორძაიამ მოახერხა უკან მობრუნება, მიაღწია სასაზღვრო პოლიციამდე სოფელ ცანაში, შეატყობინა მესაზღვრეებს, რომლებმაც საქმის კურსში ჩააყენეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ჩვენც მაშინ შევიტყვეთ ამბავი. მაშველებმა მოახერხეს ადგილზე მისვლა, თუმცა გურამის მდგომარეობისა და გარემოპირობების გამო უკან დაბრუნება ვერ მოახერხეს. შეშა და მედიკამენტები აუტანეს,  პირველადი დახმარება გაუწიეს. ის ღამე მაშველებმა ჩემს შვილთან ერთად გაათენეს მყინვარზე. მთელი სოფლის ახალგაზრდობა იდგა ფეხზე, ფაქტობრივად ორი ღამე გაატარა ყინვაში. ახლა თბილისში, ღუდუშაურის საავადყოფოშია და როგორც მეუბნენიან, საგანგაშო მდგომარეობა არ აქვს. კიდევ ერთი ღამეც რომ გაგრძელებულიყო ეს პროცესი, იქ უკვე თოვს და ალბათ, შვილს ცოცხალს ვეღარც ვნახავდი, მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, მათ მე შვილი მეორედ მაჩუქეს“, – ამბობს თამაზ ლობჟანიძე.

კოტე ლიპარტელიანი, ლენტეხის სამაშველო სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე ყვება, რომ მათთან შეტყობინება 14 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შევიდა და ამბროლაურის სამაშველო სამსახურის მაშველებთან ერთად 15-კაციანი ჯგუფი შედგა, რომლებიც შემთხვევის ადგილისკენ დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ.
„მაშველები დაახლობით ღამის ათი საათისთვის მივიდნენ ჩარჩენილ მამაკაცთან, ჩაუტარეს მედიკამენტოზური და პირველადი დახმარება. იმის გამო, რომ უკვე ბნელოდა, აღარ იყო ხილვადობა და მამაკაცს კიდურები ჰქონდა დაზიანებული, იმ ღამით მისი გამოყვანა შეუძლებელი იყო. ამიტომ მაშველთა ჯგუფი მასთან ერთად დარჩა და ღამე გაათენა, დილით გამოძახებული იქნა შსს-ს ვეტმფრენი, რომელშიც სპეცტექნიკის საშუალებით აიყვანეს გურამ ლობჟანიძე, ჩვენი ინფორმაციით ის გადაყვანილი იქნა თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებ“, – განაცხადა კოტე ლიპარტელიანმა.

შესაბამის სამსახურებთან ერთად სამაშველო ოპერაციაში სოფლის ახალგაზრდობაც აქტიურად იღებდა მონაწილეობას. როგორც ერთ-ერთმა მეზობელმა ავთანდილ ონიანმა „რეგიონულ კვირასთან” თქვა, გურამ ლობჟანიძის გადარჩენა ყველა უწყების მობილიზებისა და სწორად დაგეგმილი ოპერაციის შედეგია.
“მაშველების მობილიზება უსწრაფესად მოხდა, ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს, ავიდნენ, ღამე მასთან ერთად გაათიეს, გაათბეს, გამოკვებეს და წამლები მიაღებინეს, მაშველებთან ერთად სამაშველო პროცესში აქტიურად იყო ჩართული სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლება და ყველას მობილიზება, სწორად დაგეგმილმა ოპერაციამ შედეგიც კარგი გამოიღო, ბიჭი გადაარჩინეს და გაახარეს ოჯახიც და სოფელიც“, – თქვა ონიანმა.

შეგახსენებთ, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემზაგორში მცხოვრებ ორ ახალგაზრდა მამაკაცს – ალიკა კორძაიასა და გურამ ლობჟანიძეს, რომლებიც უშგულისკენ მიემართებოდნენ, აილამაზე გზაში შემოაღამდათ, სიბნელეში გზა აებნათ და მყინვარწვერის პირას აღმოჩნდნენ. ღამე ადგილზე გაათენეს, რის გამოც ერთ-ერთ მათგანს,  გურამ ლობჟანიძეს კიდეურები მოეყინა. მეორემ, 23 წლის კორძაიამ დილით სოფლამდე ჩასვლა შეძლო და სასაზღვრო პოლიციას მომხდარის შესახებ აცნობა. მეორე დილით საქმეში შსს-ს ვერტმფრენი ჩაერთო, ასევე მთამსვლელები და გურამ ლობჟანიძე თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები