ელიზაბეთ რუდი: მრავალმანდატიან მოდელზე შეთანხმებისთვის დღეს არ მიგვიღწევია, თუმცა კონსულტაციებისთვის კარი ღია დავტოვეთ
მრავალმანდატიან მოდელზე შეთანხმებისთვის დღეს არ მიგვიღწევია, თუმცა კონსულტაციებისთვის კარი ღია დავტოვეთ, რათა სადღესასწაულო დღეებამდე კიდევ ერთხელ მოხერხდეს შეხვედრა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დიალოგის მესამე რაუნდმა კვლავ კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.
“დიალოგის მესამე რაუნდმა ჩაიარა კონსტრუქციულ გარემოში და ვიტყოდი ყველა თანხმდება, რომ კარგი იქნებოდა საქართველოს საარჩევნო სისტემის შეცვლა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც მოსალოდნელი და დაგეგმილი იყო, ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების გადანაწილების ცვლილებაზე მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მოდელის მიხედვით. დღეს ჩვენ ვერ მივაღწიეთ ამ საკითხზე შეთანხმებას, მაგრამ დავტოვეთ იმის შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები ამ და სხვა საკითხებზე დამდეგ დღესასწაულებამდე”, – განაცხადა რუდმა.
სასტუმრო “შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.