ლადო კახაძე: ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლა ავადმყოფობის მხარეს დგომაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლა, ავადმყოფობის მხარეს დგომაა.

“მე ვდგავარ საქართველოს მიწაზე. აქეთაც საქართველოს მიწაა და იქითაც, და ეს არის დამადასტურებელი. ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლა არის ავადმყოფობის მხარეს დგომა. მოვედი ჩემი, როგორც ბიოლოგიური, ისე პოლიტიკური ოჯახის ნების გამოსახატავად. და განსაკუთრებით სამედიცინო საზოგადოების ნების გამოსახატავად. მთელ მსოფლიოს, მთელ ცივილიზაციას, ყველა ქვეყანას, მათ ხელისუფალთ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებებს, ყველას მივმართავ, რომ ოკუპანტი ქვეყნის დასჯის რა ფორმაც არსებობს, გამოიყენონ იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც საქართველოს ბინადარს აღუკვეთა თავისუფლება“ ,- განაცხადა ლადო კახაძემ.

საოკუპაციო ხაზთან დღეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრების გარდა, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები