გენადი არველაძე: ინვესტიციების დაცვის შეთანხმება იაპონიიდან მაღალტექნოლოგიურ სექტორებში მეტი ინვესტიციის შემოსვლის შესაძლებლობას შექმნის
საქართველოსა და იაპონიას შორის ხელი მოეწერა ოქმს მოლაპარაკების დასრულების შესახებ ინვესტიციების დაცვის, ხელშეწყობისა და ლიბერალიზაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერა უწყებაში 1,5-წლიანი მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ გაიმართა. საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ მოაწერა. მომდევნო ეტაპი შიდა სამართლებრივი პროცედურების გამართვა და შეთანხმების ოფიციალური გაფორმებაა.
„ინვესტიციების დაცვის, ხელშეწყობისა და ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების გაფორმება კარგი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის იაპონიიდან, რომლებიც განიხილავენ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას ბიზნესის კეთების მიზნით და მისი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამოყენებას რეგიონის სხვა ბაზრებზე გასასვლელად. შეთანხმება იაპონიიდან მაღალტექნოლოგიურ სექტორებში მეტი ინვესტიციის შემოსვლის შესაძლებლობას შექმნის. აღნიშნული დოკუმენტის სრულფასოვანი ამოქმედება გაამყარებს ჩვენს, როგორც რეგიონული ჰაბის, პოზიციას. ამასთან, ხელშეკრულება ქართულ ბიზნესსაც გაუადვილებს იაპონიის ბაზარზე შესვლას და ინვესტირებას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მისივე პროგნოზით, საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების დაცვის, ხელშეწყობისა და ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა 2020 წლის პირველ ნახევარში იქნება შესაძლებელი.