ათენში, “ბისეკის” წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე შეხვედრა გაიმართა
ათენში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბატონი ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ პოზიტიური შეფასება მისცა BSEC-ში საბერძნეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეულ საქმიანობას და ხაზი გაუსვა BSEC-ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატში მიღწეულ წარმატებებს.
გამოსვლაში ასევე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაზრდილია რეგიონის მნიშვნელობა, თუმცა ორგანიზაციის წევრი ქვეყნის მხრიდან სხვა წევრების ტერიტორიების ოკუპაცია ხელს უშლის BSEC-ის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მხარს უჭერს BSEC-ის ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და მიაჩნია, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია, ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სტაბილურ და მდგრად განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან BSEC-ის თავმჯდომარეობა შემდგომი 6 თვით გადაეცა რუმინეთს.