ზესტაფონში სამედიცინო ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, პირველადი ჯანდაცვის სერვისის გასაუმჯობესებლად ზესტაფონში სამედიცინო ამბულატორიების მშენებლობა – რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი საექიმო ამბულატორია პირველ სვირში აშენდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ზოვრეთის ამბულატორიას.
მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ადამიანი და მისი ჯანმრთელობაა. სწორედ ამ მიმართულებით, ზესტაფონში პირველადი ჯანდაცვის სერვისის გასაუმჯობესებლად მიმდინარე წელს ორი ამბულატორიის, როგორც მშენებლობა, ასევე რეაბილიტაცია განხორციელდა. პროცესი გრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სოფლებში ადამიანებმა შეძლონ პირველადი სამედიცინო მომსახურება შესაფერ პირობებში მიიღონ,“ – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
პირველ სვირში ახალი საექიმო ამბულატორიის მომსახურებით 3000 – ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 89 998 ლარია. სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა სოფელ ზოვრეთის საექიმო ამბულატორიის რეაბილიტაცია. ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 19 981 ლარი დაიხარჯა.