ანრი ოხანაშვილი: კომპრომისულ შეთანხმებას მივაღწიეთ, ჩვენი კოლეგები მაჟორიტარულ სისტემაზე პროცედურას აღარ დაიწყებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატებთან კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პროცედურას აღარ დაიწყებენ.
„ჩვენი კომპრომისული შეთანხმება მიღწეული იქნა იმასთან მიმართებაში, რომ ჩვენი კოლეგები თავს შეიკავებდნენ და აღარ დაიწყებდნენ პროცედურას. ამის სანაცვლოდ ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს “ქართული ოცნების” ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება უნდა მოხერხდეს, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება.