მამუკა მდინარაძე: მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი უკან გაიწვევს თავის წინადადებას, ჩვენ კი არჩევნებამდე ახალ საკანონმდებლო მექანიზმებს შევქმნით
შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატავასთან დაკავშირებით, ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც დასახელებულ რისკებს მოვხსნით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, საფრთხის შემცველია პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ამიტომაც კონსესუსი სწრაფად შედგა.
“საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობაში, ჩვენს გუნდში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შემოღებაზე მუშაობს, თუმცა უმრავლესობის დიდი ნაწილი ამ ინიციატივის წინააღმდეგია.
ყველას ესმის, რომ მსგავსი ტიპის აზრთა სხვადასხვაობის თუ დაპირისპირების გაღვივება საფთხის შემცველია როგორც გუნდის ერთიანობისთვის, ასევე ზოგადად, პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, მაქსიმალურად სწრაფად მიგვეღწია გარკვეული კონსენსუსისთვის გუნდის შიგნით და ვფიქრობთ, რომ უმრავლესობის ბოლო სხდომაზე და მას შემდეგ სხვდასხვა ფორმატში კონსულტაციებით – შეთანხმების მიღწევა შევძელით.
უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბარი, რომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, რაც მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს და ეს პროცესი შექმნის ნიადაგს და ცდუნებას პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის. საუბარია 2020 წლის შემდეგ პერიოდზე.
ჩვენ, უმრავლესობის დიდი ნაწილი, მათი სხვა არგუმენტებისგან განსხვავებით, საბოლოოდ დავეთანხმეთ მაჟორიტარ დეპუტატებს რისკის ამ ნაწილში მხოლოდ და შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატავასთან დაკავშირებით, ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით.
შესაბამისად ჩვენ, 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. ამ შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან.
თუ ჩვენ ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებთ, მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია მამუკა მდინარაძის განცხადებაში.